Sunday 10 May 2015

ბაბუაჩემი და 35 გამრავლებული ორზე და პლუს რამდენიმე კილო იმედი

 არ ვიცი, თუ მაქვს რამე საამაყო, მაგრამ ერთი ამბავია, ბაბუაჩემისგან სულ ვგრძნობდი, რომ მის 8 შვილიშვილს შორის მე ყველაზე უფრო ახლობელი ვიყავი. ალბათ იმიტომ, რომ ერთად ვცხოვრობდით მის აშენებულ სახლში, რომელიც ასე მიყვარდა სულ და კიდევ ეზოში გარაჟიც გვაქვს, სადაც უამრავი საჩხირკედელაო ნივთია.
 ბევრი რამ ვისწავლე ბაბუასგან. მაგალითად, ხეების დამყნობა და გასხლვა, დომინოს თამაში, ის რომ "კარგი მეგობრის შეძენა დროში მეტად გაწელილი პროცესია, დაკარგვა კი სულ იოლი საქმე".
 ის მეორე წელიაა რაც აღარაა და ეს დიდი დანაკლისა ჩემნაირისთვის, ვინც ფიქრობს , რომ ბაბუას უანგაროდ უყვარდა და იმის მიუხედავად რომ ძალიანაც სჯეროდა მისი, არც არაფერ განსაკუთრებულს მოელოდა შვილიშვილისგან.
 რამდენიმე ხნის წინ ერთ მაგარ მაღაზიაში დავიწყე მუშაობა ( შექსპრი და კომპანია ) და ერთმა მაგარმა გამომცემლობამ (წიგნები ბათუმში) გამოსცა ანა გავალდას "35 კილო იმედი". ეს წიგნი წავიკითხე პირველად ახალ სამსახურში. წავიკითხე და ავტირდი.
ეს ერთ-ერთი საუკეთესო რამაა, რაც ბოლო პერიოდში ხელში ჩამვარდნია. ეს ისე დროული იყო ჩემთვის , რომ მეგონა მთელი ეს ამბავი, გამომცემლობის დაარსება და ამ წიგნის თარგმნა მხოლოდ იმიტომ მოხდა რომ ბაბუა ლეონის, როგორც ბაბუაჩემის , დარიგებები და სიტყვები წამეკითხა.
ესაა ამბავი ხელმოცარულ და თან მარჯვე შვილიშილსა და მისა საყვარელ ბაბუაზე.
 ხშირად მიფიქრია ჩემს სიბერეზე, როგორი ბებია ვიქნებოდი.. სულ ვიძახი, რომ მოვხუცდები მარტო გადავალ სადმე საცხოვრებლად-მეთქი. მერე ჩემი რომელიმე მელანქოლიური შვილიშვილი (თუ მეყოლა) ჩამომაკითხავს ხოლმე, მდუმარედ დავლევთ ჩაის დაისის მოცქირალნი და მეტი არც არაფერი იქნება საჭირო , რომ ჩვენს ურთიერთობას 'კარგი დაერქვას. 
ყველაზე მეტად მეც და ტოტოსაც იმაზე გვწყდება გული რომ ვერაფრით დავეხმარეთ ჩვენს ავად'მყოფ ბაბუებს  .
 " მის გამო მთები უნდა გადამედგა, შუაზე გავხლეჩილიყავი და ნელ ცეცხლზე შევმწვარიყავი. თუ საჭირო გახდებოდა , მხარზე შევისვამდი და დედამიწას მოვატარებდი, საკუთარ გულს ამოვიღებდი მკერდიდან  მის გადასარჩენად და რასაც გინდა , იმას გავუძლებდი.."      
 ჩვენ , ყველამ ხომ ვიცით სინამდვილეში როგორი უძლურები ვართ, ჩვენმა ბაბუებმა კი იციან ჩვენში ვინც იმალება, მათ იციან და ამისთვისაც არსებობენ რომ ხანდახანყურებს რომ ჩამოვყრით, გვითხრან :
 "გაცილებით ადვილია, უბედური იყო, ვიდრე ყველაფერი იღონო ბედნიერების მისაღწევად. კარგად მომისმინე: არაფრად მიმაჩნია ის ადამიანი, რომელიც ადვილ გზას აირჩევს ლაჩრების ატანა არ მაქვს! მთავარია, ბედნიერი იყო, ამის დედაც! ამისთის ყველაფერი უნდ გააკეთო!" 

ჰო , მე ვარ მარიამ მუთიძე და  არც მეტი არც ნაკლები 35(X:2+5325) კილო იმედს ვიწონი :)

მინდა ეს წიგნი რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა, მეტმა პატარამ და უფრო მეტმა დიდმა წაიკითხოს.. 

     

Monday 9 February 2015

ბათუმში წასაკითხი ზღაპარი..

ვუძღვნი ლეას და ბათუმს
 
იყო და არა იყო რა, ფერადი, რვაფეხა ზღვა იყო გაწოლილი დედამიწის ერთ მხარეს.
ფერადი იმიტომ იყო, რომ მისი ფსკერი ათასფერი ქვებით იყო მოფენილი. როგორც ამბობენ, ოდესღაც ამ ზღვაში უამრავი ვარსკვლავთევზი დაცურავდა. სიკვდილის შემდეგ კი ლამაზ ქვებად გადაიქცნენ.
 რვაფეხას იმიტომ ეძახდნენ ზღვას, რომ მასში ხმელეთი რვა მხრიდან იყო შეჭრილი. თითოეულ ნაწილზე კი ქალაქი იყო გაშენებული.
 ყველა ქალაქი რაღაცით გავდა ერთმანეთს , მაგრამ უმჯობესია მოგიყვეთ თუ რითი იყო თითოეული გამორჩეული და განსაკუთრებული.
 იყო ერთი ქალაქი სახელად დამიანია . ის ერთ-ერთი პირველი შეიჭრა ზღვის სიღრმეში. ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს უზომოდ უყვარდათ ზღაპრები.  ყოველ საღამოს, ბავშვები რომ კბილებს იხეხავდნენ და დასაძინებლად ემზადებოდნენ, სანაპიროსთან ხის, მაღალანძებიანი, თეთრაფრებიანი გემი, სახელად ტალენუსი მოცურდებოდა, მუქლურჯი ვარსკვლავებიანი დროშით.
ეკიპაჟის წევრები მეზღაპრეები იყვნენ. წაწვეტებული ქუდებით, გრძელი მოსასხამებით. ლამაზად მოხატული წიგნაკები ეწყოთ მანტიების შიდა ჯიბეებში.
 დღისით გემი ზღვის სხვადასხვა მხარეს დაცურავდა. მეზღაპრეები აგროვებდნენ ლამაზ, ფერად , კეთილ ამბებს, წიგნაკებში იწერდნენ და საღამოობით დამიანიაში მცხოვრებ პატარებს უყვბოდნენ.
 თითოელმა ბავშმა იცოდა, რომ მოსულ მეზღაპრეს საძილედ გამზადებული უნდა დახვედროდა რომ უკვე მთვლემარეს მოესმინათ ამბები ზღვის მიღმა სამყაროზე.
 ქალაქში , ერთი მაღაზიის თავზე, ერთ ჭკვიანი გოგონა , ლეა ცხოვრბდა. მას , მშობლების მსგავსად, ძალიან უყვარდა კითხვა და მაღაზიაში  მაჭკატების საჭმელად შეკრებილ მეგობრებს ხშირად უკითხავდა საყვარელ წიგნებს.
 ერთ საღამოს მასთან მეზღაპრე ჰორასი მივიდა. ჰორასი ტალენუსის მთავარი მეზღააპრე-მკვლევარი იყო. ის სხვადასხვა ადგილებში საინტერესო მთხრობელებს ეძებდა  და მათი მოყოლილი ამბებით ამდიდრებდა პირად წიგნაკს.
 სანამ თხრობას დაიწყებდა , ჰორასმა ტუმბაზე მდგარი რძიანი ყავა და ფორთოხლის ნამცხვარი მიირთვა. მადლიერი მშობლები ახვედრებდნენ ხოლმე ტკბილეულს კეთილ მეზღაპრეებს. მერე კი დაიწყო:
-ლეა, ლეა, რომ იცოდე დღეს ერთი განსაკუთრებულ ადამიანზე უნდა მოგიყვე! -ლეას თვალები აენთო და განაბული ელოდა ამბის გაგრძელებას. - ჩვენი ზღვის სანაპიროზე არის ერთი ქალაქი, სარტროსი. ამ ქალაქში ჩეულებრივი ადამიანები ცხოვრობენ, თავს თევზაობით და ვაჭრობით ირჩენენ, ზაფხულობით ბევრს ცურაობენ და იახტებით დასეირნობენ. ერთი ამბავია, ზღაპრის კაცები ღამ-ღამობით არ დადიან იქაურ ბაშვებთან, მეზღვაურებს არ ჩააქვთ მათთვის ფერად-ფერადი ამბები დაძინებამდე - ლეა დაასევდიანა ამ ამბავმა - თუმცა იქ არაჩვეულებრივი ადამიანები ცხოვრობენ. რომ იცოდე იქ ერთი ქალია, დორა ჰქვია. ველოსიპედი და საყვარელი ფინია ლორკა ჰყავს. როცა დაღამდება მთავარ ქუჩაზე გამოჩნდება, ველოსიპედზე ფარანი აქვს მიმაგრებული, უკანა კალათში კი ცუგა უზის. სათითაოდ ყველა ოჯახს მოივლის და პატარებს ძილისწინა ზღაპრებით ანებივრებს. მან უამრავი რამ იცის, საოცარი ისაა რომ ის არასდროს გასულა ქალაქიდან, არც წერა-კითხვა უსწავლია ამბები კი არასდროს უთავდება, თან სულ სხვადასხვას ჰყვება, ყველა ბავშვთან ასწრებს მისვლას ნებისმიერ ამინდში..
 ლეას  უკვე ტკბილად ეძინა, სახეზე ღიმილი დასთამაშებდა და ალბათ ესიზმრებოდა, როგორი გაფაციცებით ელოდნენ ყურდაცქვეტილი ბავშვები ველოსიპედის ხმას, ამ დროს კი სარტროსის მთავარ ქუჩაზე  მართლაც გამოჩნდა  ახალგაზრდა და ხალისიანი დორა,  ზანზალაკი გააჩხარუნა და პირველივე სახლთან მიაყუდა ველოსიპედი. იქ უკვე ელოდა ალექსი, რომელიც გიჟდებოდა მუსიკაზე და თითონაც შეეძლო რამდენიმე ინსტრუმენტზე დაკვრა.
ბიჭუნა ბუხართან, სარწეველა სკამში იჯდა და თვლემდა, დორამ ის საწოლში ჩააწვინა.
-ეს ამბავი სპეციალურად შენთვის მოვიტანე. დღეს ერთ მომღერალზე მინდა მოგიყვე. ის ჩვენს მეზობელ ქალაქ გრადიანში ცხოვრობს. ამ ქალაქში ბევრი მოედანი და საათიანი კოშკია, თუმცა არ არის არცერთი თეატრი და ოპერა. ყველა წარმოდგენა ქუჩაში, მოედნებზე იმართება. გრადიანში მცხოვრებ ხალხს ძალიან უყვართ საერთო მხიარულებანი. წარმოდგენებს დროს ერთად ცეკვავენ და მღერიან.  ერთ მოედანზე მშვენიერი ოქროსფერთმიანი გოგონა ცხოვრობს. კაირანს მომაჯადოებელი ხმა აქვს და კვირაში ერთხელ მოედანზე შეკრებილი ხალხისთვის დედის დაწერილ  სიმღერებს ასრულებს. მინდა ოდესმე ერთად წავიდეთ მის მოსასმენად..
 დორამ თხრობა დაასრულა ძაღლის ხმაც შემოესმა , რომელიც ამცნობდა რომ სხვა სახლებში, სხვა პატარები ელოდნენ მათ.
 და ვინ იცის იქნებ ახლა სწორედ ის დღე იყო როცა კაირანი სამღერლად უნდა გამოსულიყო!
ეს ამბავი მოეცკვავე წყვილისგან შეიძლება გავიგოთ, რომლებიც რიგით მეოთხე ქალაქ ტანცარიაში ცხოვრობდნენ. ისინი ბევრს მოგზაურობდნენ სანაპიროს ქალაქებში და წამოდეგენბს ესწრებოდნენ. მშობლიურ ქალაქში კი სამოყვარულო საცეკვაო კლუბი ჰქონდათ. იქ მისვლა ყველა მსურველს შეეძლო, განუჩევლად ასაკისა. იქ ბებიები და ბაბუები შვილიშილებს დაჰყვებოდნენ გაკვეთილებზე და პირიქით. აქ ყველა ჩინებულად ცეკვავდა ფრედოსა და სოფიას დამსახურებით.
 მუსიკა ხშირად აიკულადან ისმოდა. ეს რვაფეხა ზღვის მეხუთე შტო იყო, ქალაქი სადაც მუსიკოსი ბიჭუნები ცხოვრობდნენ. ქალაქის მთავრი ბულვარის შადრევანის ირგვლივ იკრიბებოდნენ საღამოობით. სულ თორმეტნი იყვნენ: სალამურის, გიტარის, ვიოლინოსა და სხვა ინსტრუმენტებზე აჟღერებული მუსიკით მიაცილებდნენ მზეს ზღვის ჰორიზონტამდე.

 დაღამება სხვა ქალაქების მსგავსად, მილორიაშიც სასიხარულო ამბავი გახლდათ, ამ დროს ქალაქის ყველაზე მაღალი შენობიდან ქალაქის ფერია გამოფრინდებოდა. მას გრძელი კაბა ეცვა რომელსაც დაბოლოებებზე ვარსკვლავები ემაგრა. ის უკლებლივ ყველა ლამპიონს ჩაუვლიდა. კაბის ვარსკვლავებიდან გადმოყრილი მტვერი ლამპიონებს ანათებდა, გახარბული მოქალაქეები ქუდებს ჰაერში იქნევდნენ და ხელის აწევით ესალმებოდნენ ფერიას.
მეშვიდე ქალაქი, ეველიასი, ზღვის ყველაზე ცივ მხარეს მდებარეობდა. აქ ხშირად თოვდა და ქალაქის ცენტრში მდებარე ტბაც უმეტესად გაყინული იყო. სწორედ ამ ტბიდან გამომავალი ქუჩის ბოლოს ცხოვრობდა მედიანა. მას სახლში საქსოვი დაზგა ჰქონდა მოწყობილი და ოქროსფერ წინდებს ქსოვდა ეველიასელებისთვის. ღამ-ღამობით აქაურები გაყინულ ტბაზე სასრიალოდ გამოდიოდნენ და ოქროსფერი შუქით ავსებოდნენ ტბის ზედაპირს.
  მერვე იყო ქალაქი მოგონებებისა, სახელად ბათუმი. აქ ცხოვრობდნენ მოქანდაკეები, მშენებლები და არქიტექტორები. მათ სხვდასხვა მასალისგან გამოჰყავდათ ისეთი ფიგურები, რომელთა დავიწყებაც არავის სურდა. ისინი მარადიულ სიცოცხლეს ანიჭებდნენ კეთილ ადამიანებს, ლამაზ მომენტებს, საყვარელ ადგილებს.
სწორედ მათი დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენ ვიცით რვაფეხას, ველოსიპედიანი ქალის, სალამურიანი ბიჭუნების, პიაცაზე მოღერალი ქალის, და სხვათა შესახებ.
 ამისთვის ყვებიან, რომ დავიწყებას არ გავატანოთ მნიშვნელოვანი ამბები. თქვენც მოყევით ხოლმე, თუნდაც ძილის წინ, საყვარელი დათუნიასთვის.
  ლხინი იქა, ლხინი აქა!













პ.ს. წერას ვასრულებ იმედით, რომ ბათუმში შეწყვეტენ ისტორიული ძეგლების დემონტაჟს.


მე <3 ბათუმი